ქართული თემატიკა ჩემთვის ძალიან ახლო და მნიშვნელოვანია. არაერთხელ მიმიძღვნია კამპანია ძველი თუ თანამედროვე ქართული მოვლენებისათვის. ფერები, ორნამენტები, პატერნები, უნიკალური და საინტერესო მოხატულობებიც ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ამიტომაც, შემოთავაზებისთანავე დიდი სიხარულით ჩავერთე თიბისისა და ხელოვნების მუზეუმის ერთობლივ პროექტში - „ქართული ქსოვილი“, რომლის ფარგლებში ისტორიული მემკვიდრეობა ჩემი ბრენდის ხასიათში გავაცოცხლე.
მჯერა, რომ კულტურული მემკვიდრეობა უდიდესი განძია. მისი დაცვისა და შენახვის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი კი სიძველის თანამედროვედ ინტერპრეტირებაა. ჩვენს ყოველდღიურობასთან ჰარმონიულად დაკავშირებული წარსული იმის მანიშნებელია, რომ მემკვიდრეობა მომავალშიც იარსებებს.
ამასთან, ვფიქრობ, ჩვენს დინამიკურ გარემოსთან ერთად, მემკვიდრეობაც უნდა ვითარდებოდეს, როგორც ცოცხალი ორგანიზმი. ასე მუდმივად გადავიაზრებთ არსებულს და გამეორების ნაცვლად, შევქმნით ახალსა და საინტერესოს. ამიტომ, გადავწყვიტე, ძველი ორნამენტები არამხოლოდ თანამედროვე პროდუქტებისთვის მომერგო, არამედ ამ ორნამენტებზე დაყრდნობით, ჩემი გემოვნებისა და სტილის მიხედვით, ახლებური მოხატულობები შემექმნა.
რთული იყო არჩევა, რადგან, მართლაც, თითოეული ორნამენტი უნიკალურია, როგორც ფორმითა თუ წყობით, ასევე, ფერთა პალიტრით. თუმცა, შევეცადე, მოხატულობები არამხოლოდ ვიზუალური, არამედ შინაარსობრივი კუთხითაც შემერჩია. შედეგად, უპირატესობა მივანიჭე იმ ფორმებსა და გამოსახულებებს, რომლებიც რაღაც მხრივ უკავშირდებოდა ჩემი ბრენდის მახასიათებლებს.
პროდუქტებს სახელები ორნამენტების ასოციაციისა და ისტორიის ინსპირაციით შევურჩიე.
„ირმის ნახტომი“
მამაკაცის ეს კაბა წალენჯიხის ტაძარში გამოსახულ ქტიტორ აფაქიძის სამოსის მიხედვითაა შექმნილი და მოხატული. დანახვისთანავე ჩემი ყურადღება ირემმა მიიქცია, რომელიც ქართულ კულტურაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა. ირემი ხშირად გვხვდება ჩვენს არქიტექტურაში (ტაძრების რელიეფებსა თუ ბარელიეფებზე), ლიტერატურაში და სხვ. თანამედროვეობაში ირემი ხშირად თავისუფალი სულის მეტაფორაა. სწორედ ამ ისნპირაციით შევქმენი „ირმის ნახტომის“ პროდუქტები:
„ლეგა მაგნოლია“
ცხადი იყო, გულგრილად ვერ ჩავუვლიდი შალვა ქსნის ერისთავის ძვირფასი ქსოვილისგან შეკერილი კაბას, რომელსაც, ჩემი ინტერპრეტაციით ულამაზესი მაგნოლიები ამშვენებს. ამგვარ მოსართავს ქულაჯას ეძახდნენ, და მას თავად-აზნაურები ახალუხის ზემოდან იცვამდნენ ჩოხის გარეშე, ცხენოსნები კი ბრძოლის, ჯირითის ან თამაშის დროს. მაგნოლიამ ჩემი არაერთი პროდუქტი დაამშვენა და ამ პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიმბოლოდაც იქცა.
აქსესუარები შევქმენი გელათის ღვთისმშობლის მთავარ ტაძრის ფრესკის ინსპირაციითაც, რომელზეც გამოსახულია იმერთა მეფე გიორგი II, დედოფალი რუსუდანი და უფლისწული ბაგრატი. იმერეთის მონარქთა ტანსაცმელი და განსაკუთრებით ქსოვილი მდიდრულია. სავარაუდოდ, ქსოვილის ეს ორნამენტი ადგილობრივი იყო და ის მხოლოდ სამეფო ტანსაცმლისთვის გამოიყენებოდა. გულისსწორმაც, უკვე შეძლო არაერთი ადამიანის გულის მოგება.
„წითელი ლოტუსის“ აქსესუარები მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფრესკაზე გამოსახული მეგრელი დედოფლის სამოსის ნაქარგის მოტივებზე შევქმენი. ჩემი თანამემაულე, იტალიელი მისიონერის, კრისტოფორო დე კასტელის ჩანაწრებში ვკითხულობთ, რომ მეგრელი დედოფლის სამოსი „ზემოთ და ქვემოთ უმშვენიერესად ოქროკემსულია, ძვირფასი თვლებით მორთული. სამკერდის, ქამრისა და სამკლავეების ასეთი შემოჭერილობა ქალს წერწეტას აჩენს. გვირგვინი ლამაზი მძივებითაა დატვირთული.“ ვინაიდან, ამ მდიდრული მეგრული ხასიათის მეტწილად შენარჩუნება მინდოდა, მოხატულობა თითქმის იგივე დავტოვე, თუმცა ჩემებური ხელწერა, ცხადია, დავურთე.
ეს ორნამენტი შექმნილია ღვთისმშობლის შობის ტაძრის ფრესკაზე გამოსახული უცნობი ქტიტორის მოსასხამის მოტივებზე. ამ საინტერესო გამოსახულებამ ჩემში მზისა და თვალის ასოციაცია ერთდროულად აღძრა, ამიტომ სახელიც მარტივად შევურჩიე -„ მზის თვალი“.
ცხადი იყო, რომ მზის თვალთან შინაარსობრივად ყველაზე ახლო მდგომი პროდუქტი - საძილე ნიღაბი უნდა დამემზადებინა. სხვადასხვა, ასევე ქართულ ორნამენტთან ერთად, მზის თვალით ნატურალური აბრეშუმის შარფიც გავაფორმე.
ქართულ ტრადიციულ ორნამენტს ანალოგი არ მოეძებნება. მასში ევროპული და აზიური გავლენები იყრის თავს, რაც განსაკუთრებულ მომხიბვლელობა სძენს. ამ ყველაფრის ახალი ინტერპრეტაციით ისე წარმოდგენა, რომ ორიგინალურ ნამუშევართან კავშირი არ დაკარგულიყო და ამასთანავე, თანამედროვე ტენდენციებსაც მორგებოდა, ადვილი ამოცანა არ იყო. ამიტომ, თითოეულ ნამუშევარს დიდი სიფრთხილით მოვეკიდე.
იმედი მაქვს, მოვახერხე მომხამერებლებისთვის ახალი და საინტერესო კოლექციის შექმნა, რომელიც მათთი შინაგანი ხმების გაჟღერების მორიგი ინსტრუმენტი გახდება.
დღეს თითქმის ყველანი ახალ რეალობაში აღმოვჩნდით და ისე სწრაფად ავითვისეთ დისტანციური მუშაობის სტილი, თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარით. ჩვენი ყოველდღიური შეხვედრები ვირტუალურმა კომუნიკაციამ ჩაანაცვლა და არათუ საქმიან შეხვედრებს ვატარებთ ვიდეო-ზარებით, არამედ დაბადების დღესაც კი აღვნიშნავთ სასურველ „სტუმრებთან“ ერთად. ყველაფერ ამას მეტწილად კომპანია Zoom-ი უზრუნველყოფს, რომელიც განუყრელ თანამგზავრად გვექცა.
მჯერა, რომ ხშირად მცირე დეტალები იმაზე მეტს და უფრო ხმამაღლა ამბობენ ვიდრე სიტყვებს შეუძლიათ. და როდესაც თავისუფლება ვერასდროს შეეგუება მავთულხლართებს, შენი მთავარი სათქმელი შეიძლება პასპორტზეც დაიტანო და შენთან ერთად ამოგზაურო მთელ მსოფლიოში.
რა ქმნის შენს უნიკალურ ისტორიას? რა გაძლევს ყველაზე დიდი თავისუფლებას?
ჩემთვის ყველაზე ღრმა და გულწრფელი შინაგანი ხმები საკუთარი თავის პოვნის ერთადერთი ჭეშმარიტი გზაა. და როგორია შენი ხმები? ხმები, რომლებიც არასდროს იტყუებიან და ყოველთვის პოულობენ ახალ გზებს საკუთარი მეს გამოსახატად.
და როდესაც იპოვი ძალას, მოუსმინო შენს ხმებს და გაუზიარო ისინი სამყაროს, შენ იპოვი საკუთარ თავს. სწორედ ამიტომ ჩემი დევიზია "Spread Your Inner Sounds!"
კარი პიროვნების მანიფესტია. ის ინდივიდის სამყაროსკენ მიმავალ გზას ხსნის და შეუძლებელია მასში შებიჯებისგან თავის შეკავება.