ვირტუალური აქსესუარები

Virtual Accessories

დღეს თითქმის ყველანი ახალ რეალობაში აღმოვჩნდით და ისე სწრაფად ავითვისეთ დისტანციური მუშაობის სტილი, თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარით. ჩვენი ყოველდღიური შეხვედრები ვირტუალურმა კომუნიკაციამ ჩაანაცვლა და არათუ საქმიან შეხვედრებს ვატარებთ ვიდეო-ზარებით, არამედ დაბადების დღესაც კი აღვნიშნავთ სასურველ „სტუმრებთან“ ერთად. ყველაფერ ამას მეტწილად კომპანია Zoom-ი უზრუნველყოფს, რომელიც განუყრელ თანამგზავრად გვექცა.

მართლაც, ძალიან დიდი კომფორტია ის, რომ ფუმფულა შარვლითაც თამამად შეგვიძლია მნიშვნელოვანი მოლაპარაკების წარმოება და აღარც 15 წუთით გვიან გაღვიძება გვსტრესავს, სამსახურში გასაქანებლად შხაპის გადავლებაც რომ მოვასწროთ. თუმცა, უხვადაა ხელის შემშლელი ფაქტორებიც - შეუფერებელი სამუშაო სივრცე თუ ბავშვების ჟრიამული გვერდით ოთახში. მიუხედავად იმისა, რომ არც არავინ მოელის ჩვენგან გაუთოებული პერანგით და ჰალსტუხით გამოცხადებას ეკრანზე, ჩემმა მეგობარმა საინტერესო პერსპექტივას მაზიარა: რა კარგი იქნებოდა, Zoom-ით შეხვედრის ჩატარებისას შესაფერისი “business casual” ჩაცმულობის შერჩევაც რომ შეგვეძლოსო.

 

იდეის ავტორი მზიკო ლაპიაშვილია. სახალისო იდეებით ბევრჯერ გავუნებივრებივარ, მაგრამ ახლა განსაკუთრებული ინტერესით შევეგებე მის აზრს და SnapChat-ის ფილტრის შემქმნელების მოძიება დავიწყე. დავალება მარტივი იყო - ჩემი ფერად-ფერადი ბაფთებისა თუ შარფების შესაფერისი პერანგების თუ სვიტრების შერჩევა და მათი ინტეგრირება ვირტუალურ რეალობაში. ბევრი ვიწვალე თუ ცოტა, ისევ მეგობრების, დათო ნიშნიანიძის და კოტე თვალაშვილის დახმარებით ფილტრიც შევქმენი.

 

ვფიქრობ, ეს პატარა ჟესტი ჩემი მხრიდან რთულ პერიოდს გაგიხალისებს და მეგობრებთან ერთად თავის დაბერების თუ ვირტუალური სკაფანდრის ჩამოცმის პარალელურად ახლა უკვე გაპრანჭვასაც მოახერხებ. Zoom-ში (ან ნებისმიერ სხვა პლატფორმაზე, რომელიც ვიდეო-ზარების განხორციელების საშუალებას იძლევა, როგორიცაა Google Hangouts, Teams, Skype და ა.შ.) ახლა ინტეგრირებულია Giovanni Morra-ს Business Casual ფილტრები, რომელიც ჩემი რეალური პროდუქტებით (ბაფთებითა თუ შარფებით) და მათი შესაფერისი პერანგებით გამოწყობის საშუალებას მოგცემს - ისე, რომ საერთოდ არ დაგჭირდება გარდერობის ღია კართან საათობით დგომა, შეხვედრის შესაფერისი კოსტიუმის ასაწყობად.

ფილტრები განკუთვნილია როგორც კაცების, ისე ქალებისთვის.

კაცებისთვის სულ 4 ფილტრია (თუმცა, რა თქმა უნდა, ქალებსაც თამამად შეუძლიათ ბაფთების და პერანგების მორგება).

ქალებისთვის კი ჯამში 5 ფილტრია. (ისე, კაცებიც, ვისაც ფერად-ფერადი შარფები და სვიტრები გირჩევნიათ, არც ამ თვალსაზრისით ხართ შეზღუდულები)

ფილტრები შექმნილია 3D მოდელირებით და SnapChat-ის ოფიციალური ფილტრების სამუშაო პროგრამის, Lens Studio-ს დახმარებით. ადამიანის პარამეტრების აღქმის ე.წ. body tracking-ის თვალსაზრისით Lens Studio-ს ამჟამინდელი რესურსი სრულადაა ათვისებული.

გამოყენების წესი მარტივია:

დააინსტალირე შენს კომპუტერში პროგრამა Snap Camera. Zoom-ის “Call”-ის დროს კი დააჭირე ვიდეოს კონფიგურაციას (Setting-ს)

და აირჩიე Snap Camera. ამ დროს დესკტოპზე გაგეხსნება Snap Cam-ის ფანჯარა. ჩემი ფილტრის პოვნა კი ძიების ველში უბრალოდ GiovanniMorra-ს ჩაწერით შეგიძლია. 

ფილტრში კი აქსესუარების მოდელების შესაცვლელად Snap Camera-ს ეკრანზე მხოლოდ მაუსის კურსორით დაკლიკვაა საჭირო.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და სახალისო ვიდეოზარებს!

სიყვარულით,
ჯოვანი

შემდეგ წაკითხვა

Georgia is occupied – let’s say it loudly, let’s let the world know!
ქართული ქსოვილი