blog

კარის მანიფესტი

Giovanni Morra

რა ქმნის შენს უნიკალურ ისტორიას? რა გაძლევს ყველაზე დიდი თავისუფლებას?

ჩემთვის ყველაზე ღრმა და გულწრფელი შინაგანი ხმები საკუთარი თავის პოვნის ერთადერთი ჭეშმარიტი გზაა. და როგორია შენი ხმები? ხმები, რომლებიც არასდროს იტყუებიან და ყოველთვის პოულობენ ახალ გზებს საკუთარი მეს გამოსახატად.

და როდესაც იპოვი ძალას, მოუსმინო შენს ხმებს და გაუზიარო ისინი სამყაროს, შენ იპოვი საკუთარ თავს. სწორედ ამიტომ ჩემი დევიზია "Spread Your Inner Sounds!"

კარი პიროვნების მანიფესტია. ის ინდივიდის სამყაროსკენ მიმავალ გზას ხსნის და შეუძლებელია მასში შებიჯებისგან თავის შეკავება.

სამწუხაროდ, აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ყველა კარი ერთმანეთს ჰგავს და არასდროს ყვება ინდივიდუალურ ამბებს, ისტორიებს. ერთ დღესაც გადავწყვიტე ჩემი მეგობრების კარები მათი შინაგანი და უნიკალური ხმების მიხედვით გამემრავალფეროვნებინა. მათ სამყაროში მოგზაურობა ხომ სწორედ მათ კარებში შებიჯებიდან იწყება.

ჩემმა ქართველმა მეგობრებმა სამყარო თავიდან აღმომაჩენინეს და ახლა კი თქვენი ჯერია, გაიცნოთ ისინი.

სოფო სალია

სამყარო, სადაც ბოროტება არ არსებობს - სოფოს სამყარო.

სოფო სალია

შეუძლებელია, მისი პიროვნება მხოლოდ ერთი კარის ზედაპირზე დაატიო, თუმცა მისი ბავშვური და თბილი სამყაროსკენ გზა აქედან იწყება. აღმოჩენები, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ისე ვაგროვებთ, როგორც მეკობრეები განძს, დეტალები, რომლებიც ჩვენს პიროვნებას ქმნიან და ადამიანები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილები არიან - ასე იქმნება ჩვენი უნიკალური ისტორია.

სოფო სალია

მეზობელი ტოტორო სოფოს საყვარელი ბაბუის ქუდით, „პატარა უფლისწული,“ იაპონია და პატარა დისშვილის სიყვარული, რომელიც იმაზე დიდი შეიძლება იყოს, ვიდრე ერთი ადამიანის გული დაიტევს. ეს სოფოს სამყაროა, სიყვარულით, ოცნებებითა და ახალი მიწების აღმოჩენის სურვილით შექმნილი.






მარიამ საჯაია

არასდროს უნდა შეგეშინდეს საკუთარი თავის მუდმივი ძიების, განსაკუთრებით კი ცვლილებებისა და სიახლეების, თუნდაც ისინი ამბოხს მოითხოვდნენ შენგან.

მარიამ საჯაია

მარიამის სამყარო ამ შიშებისგან სრულიად თავისუფალია, ის ყოველთვის ღიაა სიახლეებისა და ახალი აღმოჩენებისთვის, რომელსაც სამყარო უმზადებს. საკუთარი თავისა და სამყაროს ხელახლა აღმოსაჩენად მარტომ იმოგზაურა აზიაში და ამაში ხელი არ შეუშლია დედობას.

მარიამ საჯაია

მარიამის კარი სწორედ ამ უსაზღვრო თავისუფლების შეგრძნებით და  აზიური მოგზაურობების შთაბეჭდილებებით შევქმენი. როკი, რომელმაც მის მუსიკალურ სამყაროში პირველად შემოიტანა თავისუფლება, ლაშქრობა, რომელიც სამყაროს ახლიდან დანახვის შესაძლებლობას ქმნის და მისი ბუკას საოცნებო კოსმოსი - კარი სამყაროსკენ, რომელშიც შებიჯებისგან თავის შეკავება შეუძლებელია.

და რა თქმა უნდა ფრაზა, რომელიც მარიამის მრავალფეროვან და ახალი აღმოჩენებით სავსე სამყაროს აერთიანებს: „There are things known and things unknown, in between are doors.”

 



ნინუცა ჯაყელი

შეუძლებელია უღალატო იმ ოცნებებს, რომლებიც ჩვენს ისტორიას ქმნიან. შეუძლებელია უღალატო იმ იდეებს, რომლებისაც ყველაზე მეტად გჯერა და გწამს. ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები ხომ ამ ერთგულების ისტორიიდან იწყება.

ნინუცა ჯაყელი

ნინუცას სამყარო სწორედ ამ ერთგულებით იქმნება. მისი კარი ისეთივე ჰარმონიული, სრულყოფილი და ნაზია, როგორც თავად ნინუცა. მისი ფერადი და მშვიდი სამყაროსკენ მიმავალი კარიც სწორედ ასეთია.

ნინუცა ჯაყელი

მისი ქმრის ნახატებში ნინუცა, როგორც უკვდავი მუზა, ყოველთვის დარჩება ყველაზე მშვენიერ და სრულყოფილ გოგოდ. მეც გადავწყვიტე მათ სამყაროში კარი მათი სიყვარულის ისტორიით შემეღო.


 



ვერიკო ნანოშვილი

გაბედო იცხოვრო თავისუფლად, გაბედო საკუთარ თავს მისცე საშუალება აღმოაჩინო ჭეშმარიტი მე - ვერიკოს სამყარო. ყველაზე მრავალფეროვანი მრავალფეროვანთა შორის და ყველაზე უშიშარი უშიშართა შორის.

ვერიკო

იმ წამს, როდესაც აღმოაჩენ რომ შენი საქმიანობა არ გაინტერესებს, არ უნდა შეგეშინდეს ცხოვრება თავიდან დაიწყო, მიჰყვე შენ შინაგან ხმას და ყოველთვის მზად იყო შენი ინტერესების გასამდიდრებლად.  ვერიკო სწორედ ასეთია, ყველაზე ძლიერი გოგო, რომელსაც შეუძლია სილამაზე ყველგან იპოვოს. საკუთარი თავის ძიების პროცესი ყოველთვის ახალ და განსხვავებულ ადამიანებთან შეხვედრით და მათთან ერთად ახალ თავგადასავლებში დაკარგვით იწყება.

ვერიკოს კარი - გზა ყველაზე საინტერესო სამყაროსკენ - David Bowie, საყვარელი ძაღლი Zizou, კომიქსები და ჭამა, როგორც ყველაზე საყვარელი საქმიანობა. :) ეს ვერიკოს თავისუფლების მხოლოდ მცირე ნაწილია.

შეაღე კარი ახალი აღმოჩენებისკენ.

 

 


 



სუხო მიქათაძე

ჰარმონია, რომელსაც ადამიანი ბუნებასთან პოულობს, ყველაზე დიდი თავისუფლების აღმოჩენის შესაძლებლობაა.

სუხო ის ადამიანია, რომელიც ბავშვობიდანვე ცდილობს ეს ჰარმონია და სიმშვიდე იპოვოს. მისი სამყაროსადმი ზრუნვის ისტორია ჯერ კიდევ ბავშვობიდან იწყება. გურიაში ცხოვრებისას, საკუთარ ეზოზე ზრუნვა დღეს უკვე გლობალურ კეთილდღეობაზე ზრუნვით შეიცვალა.

სუქსო

კარი სუხოს სამყაროსკენ მისი ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი შინაგანი ხმებით შევქმენი. მთაში ნაპოვნი თავისუფლება და ველოსიპედის მართვის ადრენალინი, 90-იანების ჰიპ-ჰოპ მუსიკა, რომელიც დღემდე აქტიურად ისმის მის playlist-ში, მაჰათმა განდი გურული საწყისებითა და  იაპონური კულტურა - სხვა თვალით დანახული მრავალფეროვნება.

ეს სუხოს სამყაროა, შეაღე კარი ახალი თავგადასავლებისკენ.

 

 

 

 


კრედიტები:

Artist: Gamez

Photo: Demetre Datiashvili 

Art direction: Tatia Tabatadze & Keti Sakhvadze

Set design: Tekla Berdzenishvili

Project manager: Tatia Tabatadze

შემდეგ წაკითხვა

Georgia is occupied – let’s say it loudly, let’s let the world know!